კონფლიქტები

უიტკოფი და კუშნერი მაიამიში უკრაინულ დელეგაციას შეხვდებიან

უიტკოფი და კუშნერი მაიამიში უკრაინულ დელეგაციას შეხვდებიან

აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პარასკევს მაიამიში უკრაინულ მხარეს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია ახალი იდეების განხილვა და უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების ერთიანი წინადადების შემუშავება. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს თქმით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ „ახალ იდეებსა და წინადადებებს, რომლის შემუშავებაც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა რუსებთან და უკრაინელებთან ერთად რეგიონში ბოლო ვიზიტის დროს დაიწყეს“.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. უკრაინას წარმოადგენენ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, რუსტემ უმეროვი და მთავარი მომლაპარაკებელი დავიდ არახამია.

ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მიიწვიეს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ მხარეები განიხილავენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებს, ომის შემდგომი კეთილდღეობის გეგმასა და კონფლიქტის სხვა ასპექტებს.

წყაროს განცხადებით, ევროპელებმა აშშ-ს აცნობეს უკმაყოფილება ენერგომატარებლების მაღალი ფასებისა და კონფლიქტით გამოწვეული სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენების გამო. „თუ ომი არ შეწყდება, რთული ზამთარი გველის. ამიტომ, აშშ ცდილობს, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, რათა ერთიანი წინადადება შემუშავდეს“, - განაცხადა წყარომ.