კულტურა

სტუ-ში არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა

სტუ-ში არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი საქმიანობისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება იყო.

სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯავახაძესთან ერთად ემსჯელათ თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე, თარგმანის ხელოვნების თავისებურებებსა და იმ შემოქმედებით გამოწვევებზე, რომლებიც ნაწარმოების ერთი ენიდან მეორეზე გადატანას უკავშირდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯავახაძის მთარგმნელობით საქმიანობას, კერძოდ, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ნიდერლანდურ ენაზე თარგმანს. გამოცემა ჰააგაში, გამომცემლობა „U2pi“-ში დაიბეჭდა. უნივერსიტეტის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისა და სხვადასხვა კულტურას შორის ლიტერატურული დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა: „ადამიანის პროფესიული წარმატება, საკუთარი საქმის ცოდნა და მაღალკვალიფიციურობა მისი პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, თუმცა სრულფასოვან და საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ პროფესიული კომპეტენცია არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს და აფასებდეს მშობლიურ ლიტერატურას, პატივს სცემდეს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურასა და მშობლიურ ენას. ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა განათლებული პიროვნების ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ფაკულტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, არამედ მათი ზოგადი განათლების, კულტურული ცნობიერებისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის გაღრმავებასაც. ამ მიზნით, ხშირად ვმასპინძლობთ მწერლებს, პოეტებს, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებასა და მისი საგანძურის პოპულარიზაციაში. მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ ქართული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობა, გაეცნონ გამორჩეულ შემოქმედთა გამოცდილებას და ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ პროფესიონალებად, არამედ ფართო მსოფლმხედველობის, ეროვნული თვითშეგნებისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად“.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა განხილული საკითხების მიმართ აქტიური ინტერესი გამოავლინეს და სტუმართან საკუთარი მოსაზრებებისა და შეკითხვების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ