პოლიტიკა

რუსეთი საქართველოსგან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს მოითხოვს

რუსეთი საქართველოსგან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს მოითხოვს

რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას და საზღვრების დელიმიტაციას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 9 ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 9 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების (ჟენევის დისკუსიები) თანათავმჯდომარეებთან. მათ შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე საკითხები. რუსულმა მხარემ კვლავ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

განცხადებაში ნათქვამია: „პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია აღებული აქვს ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, თავად ეს სტატუსი კი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ