მსოფლიო

Axios: ტრამპმა დიზელზე პუტინთან შეთანხმება უკრაინის დარტყმების გამო გააფორმა

Axios: ტრამპმა დიზელზე პუტინთან შეთანხმება უკრაინის დარტყმების გამო გააფორმა

ამერიკული გამოცემა Axios წერს, რომ დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება იმიტომ გააფორმა, რომ უკრაინამ მისი თხოვნის მიუხედავად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა. ინფორმაცია გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ რამდენიმე თხოვნა უგულებელყო და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ეუბნებოდა, რომ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა, თუ რუსეთი უკრაინულ ელექტროსადგურებზე თავდასხმებს შეწყვეტდა.

მაღალჩინოსნის განმარტებით, ტრამპს სურდა, უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა ეს დარტყმები, რადგან, მისი აზრით, ისინი აშშ-ში საწვავის მაღალ ფასებს უწყობდა ხელს. ტრამპს რუსეთის ქარხნებზე დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების ტოლფასად არ მიაჩნდა.

„ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. [რუსეთის] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ასუსტებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპთან დაამყარა“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

Axios-ის ინფორმაციით, მაიამიში რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას აცნობეს, რომ ტრამპი პუტინთან საუბარს გამართავდა და რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე სანქციებს გააუქმებდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ