მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციებზე პოლიციის ძალადობას ევრობიუროკრატები არ აკომენტარებენ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე აქციების კადრები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ.
მაჭავარიანის თქმით, როცა მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუესა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება.
მისი განმარტებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციების დროს, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ისახავდა, სპეცრაზმის ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. მაჭავარიანი აცხადებს, რომ სპეცრაზმელებზე ათასამდე დატრენინგებული ადამიანი ძალადობდა, თუმცა უფლებამოსილებას მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადააჭარბა. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ შემთხვევებზე იმოქმედა და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯნენ.
მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ასობით მოძალადე დემონსტრანტი პრეზიდენტის სასახლეს შეუტია. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებით შეტევა ისე აღკვეთეს, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია.
მისივე განცხადებით, ევრობიუროკრატები ძალადობას, პოლიციისა და პარლამენტის დაწვასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას მშვიდობიან აქციად ასაღებდნენ, შტურმის მოგერიებას კი სისტემურ ძალადობას უწოდებენ.
მაჭავარიანის თქმით, დაახლოებით ორი კვირაა საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. მისი განმარტებით, საინფორმაციო სივრცე გადაჭედილია ვიდეოებით, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა ჩანს, ხშირად კი ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ.
მან დასძინა, რომ ამ ხნის განმავლობაში არც ერთ კომენტარს არ აკეთებენ ევრობიუროკრატები და ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოში პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ და ძალოვანი უწყებების მოქმედებას სისტემურ ძალადობად აფასებენ. მაჭავარიანის თქმით, ფაქტობრივად, ქართულ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს.
მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად ევრობიუროკრატები სააკაშვილს მორიგ, მე-9 რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ.
პოსტის ბოლოს მაჭავარიანმა ციტირება მოიყვანა აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტიდან: „ბრიუსელი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს“.









