მსოფლიო

პუტინი პეზეშკიანთან შეხვედრაზე: ირანი კონფლიქტის დასრულებას ცდილობს

პუტინი პეზეშკიანთან შეხვედრაზე: ირანი კონფლიქტის დასრულებას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან ორმხრივი ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი რეგიონში არსებული ვითარებაა. ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არის”, - განაცხადა პუტინმა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ირანელ კოლეგას დაუდასტურა, რომ მოსკოვი მზადაა, კონფლიქტის მოგვარებაში თეირანს ყველანაირად დაეხმაროს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე პუტინმა თქვა, რომ ის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე წარმატებით ვითარდება და ძლიერდება.

პეზეშკიანის ოფისის განცხადებით, მოლაპარაკებებზე მხარეებმა ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ვაჭრობა.

პუტინი თურქმენეთში დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების საბჭოსა და კასპიის ზღვის გარემოსდაცვით სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.