სომხეთი 1 ნოემბრიდან ბინადრობის მოთხოვნებს ამკაცრებს და მოსაკრებლებს ზრდის

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყანაში ბინადრობის სტატუსის მოპოვების პროცესი ციფრულ ფორმატზე გადავა და შეიცვლება ბინადრობასთან დაკავშირებული სახელმწიფო მოსაკრებლების ოდენობაც. ნოემბრიდან სამინისტრო ახალი ბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასაც დაიწყებს. ცვლილებები ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ხორციელდება.
6 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ სომხეთი ევროპისკენ მიიწევს. მისივე თქმით, სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დროებითი ბინადრობის სტატუსის მოსაკრებელი 105 000 დრამიდან (დაახლოებით 300 დოლარი) 150 000 დრამამდე (420 დოლარი) გაიზრდება. მუდმივი ბინადრობის საფასური 140 000 დრამიდან (390 დოლარი) 250 000 დრამამდე (700 დოლარი) გაიზრდება. სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზეზია ახალი ბიომეტრიული სისტემის დანერგვა, უცხოელებისთვის მომსახურების მოდერნიზაცია და ადმინისტრაციული ეფექტიანობის ამაღლების საჭიროება.
სამინისტრომ ახალი საფასურებიც დააწესა: პირის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი ცნობის გაცემა 30 000 დრამი (80 დოლარი) ეღირება, სამუშაო ვიზის განაცხადი კი 15 000 დრამი (40 დოლარი). აქამდე ეს ორივე მომსახურება უფასო იყო. ბინადრობის განაცხადის უარყოფის შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
ახალი წესით, დოკუმენტებს ელექტრონულად წარმოდგენილ პირებს ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტიც მოეთხოვებათ. ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის პირდაპირ მიღება აღარ იქნება შესაძლებელი: თავდაპირველად განმცხადებლებს ერთწლიანი ნებართვა მიეცემათ, ხუთწლიანის მოთხოვნა კი ქვეყანაში სამწლიანი უწყვეტი ცხოვრების შემდეგ შეეძლებათ.
ბოლო წლებში სომხეთმა იმიგრაციის რამდენიმე ტალღა მიიღო. ქვეყანაში ჩავიდნენ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ირანელები ირან-აშშ-ის ომის ფონზე, ასევე ინდოელი მიგრანტები, რომლებსაც ბინადრობის შედარებით მარტივი პროცედურა და კონკრეტული ფინანსური მოთხოვნების არარსებობა იზიდავდა.
ნოემბრიდან სომხეთი ახალ ბიომეტრიულ პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს გასცემს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ახალი პასპორტის ღირებულება 25 000 დრამიდან (70 დოლარი) 28 650 დრამამდე (80 დოლარი) გაიზრდება, მისი მოქმედების ვადა 10 წელია. სომხეთის ხელისუფლების თქმით, ახალი პასპორტები გააუმჯობესებს დოკუმენტების უსაფრთხოებას, გაამარტივებს საზღვრის გადაკვეთას და ხელს შეუწყობს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას. ეს ცვლილება ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ნაწილია, რომელიც 2024 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.
ევროკავშირი ქვეყნებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლამდე გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას სთხოვს. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მოთხოვნათა ოთხი ბლოკის შესრულება მოუწიათ: საზღვრის მართვა, მიგრაცია და თავშესაფარი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ძირითადი უფლებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეობის მიღების ახალ რეგულაციებში ეთნიკური სომხებისთვის დამატებითი მოთხოვნების შემოღებასაც განიხილავს. აგვისტოს ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილე არმენ ღაზარიანმა თქვა, რომ ამჟამად „სომხური დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად პრაქტიკულად არანაირი მოთხოვნა არ არსებობს“. მისივე განცხადებით, მიგრაციის მიმდინარე ნაკადები და მოქალაქეობაზე შემოსული განაცხადები აჩვენებს, რომ დიასპორის წარმომადგენლები სომხურ პასპორტს ძირითადად სამგზავრო დოკუმენტად იყენებენ, როცა მათ საცხოვრებელ ქვეყანაში კრიზისული ვითარება იქმნება.
წყარო: პუბლიკა






