ქუთაისში 96 000-დოლარიანი ბინის ფიქტიური გაყიდვის გამო თაღლითობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდინარეობაში დაარწმუნა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. ამის საფუძველზე მოქალაქემ ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.
შსს-ს ცნობით, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა, ბრალდებული კი დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა. დანაშაულით მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა.
ბრალდებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









