რვა ქვეყნის საგარეო უწყებები აშშ-ის სანქციებს ICC-ის წინააღმდეგ კატეგორიულად არ ეთანხმებიან

კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციებს კატეგორიულად არ დაეთანხმნენ.
განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას ICC-ის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისადმი“.
ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ICC-ის ერთგული მხარდამჭერები არიან, ამიტომ ვწუხვართ და კატეგორიულად არ ვეთანხმებით შეერთებული შტატების მიერ სასამართლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს.
მათივე თქმით, დააფასეს სასამართლოს მიერ ამგვარი ზომებისთვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაო, რათა მან რომის სტატუტით გათვალისწინებული მანდატის შესრულება გააგრძელოს. ამ პროცესში სასამართლოს ხელშეწყობისთვის ურყევ მხარდაჭერას უსვამენ ხაზს.
განცხადების თანახმად, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სასამართლოს მუშაობაზე, მის ერთგულ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე. ეს თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ პასუხისგებაში მისცენ ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულებში ბრალდებული პირები და მხარი დაუჭირონ დაზარალებულებს.
ქვეყნები ერთსულოვნები რჩებიან ICC-ის მხარდაჭერაში და მზად არიან, სასამართლოში არამონაწილე სახელმწიფოებთან კონსტრუქციულ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთონ 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის მზადების პროცესში.
განცხადებაში ისიც წერია, რომ ისინი გააგრძელებენ ერთად მუშაობას სასამართლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდასაჭერად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დასაცავად და ანგარიშვალდებულების პრინციპის წინ წასაწევად.









