აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია სასამართლოს საქმიანობის შეზღუდვა და ამერიკელი მოქალაქეების, სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიტიკური ლიდერების შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის აღკვეთა.
ვაშინგტონის პოზიციით, ICC-ს ამერიკის მოქალაქეების გასამართლების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან შეერთებული შტატები სასამართლოს წევრი არ არის. სანქციები ითვალისწინებს სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვას, რესურსებზე წვდომის შეზღუდვასა და მისი საქმიანობის შესაძლებლობების შესუსტებას.
განცხადების თანახმად, აშშ წელიწადზე მეტია სასამართლოსგან კეთილი ნების კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდა, თუმცა ვაშინგტონის შეშფოთების გასათვალისწინებლად არც სასამართლომ და არც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ქმედითი ზომები არ მიიღეს. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს და სანქციები წევრ სახელმწიფოებს მოლაპარაკებებისა და უთანხმოების მოგვარების გამოსავლის შეთავაზების შესაძლებლობას უტოვებს. თუ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს, ვაშინგტონი სასამართლოს წინააღმდეგ ზომებს გააგრძელებს.
აშშ მოკავშირეებისგან მოელის, რომ ისინი სასამართლოს საქმიანობაზე გავლენას მოახდენენ და მისი უფლებამოსილების გაფართოებას შეზღუდავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ICC-ის დაშლისკენ მიმართულ კამპანიას გააგრძელებს, ვიდრე, მისი შეფასებით, ამერიკელებისთვის არსებული საფრთხე არ აღმოიფხვრება.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და მისი მოქალაქეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას არ ექვემდებარებიან. ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. ან ICC შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ დავასრულებთ მას. ველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც ICC-ის წევრია და რომელთა თავდაცვაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზეა დამოკიდებული, სასამართლოს საქმიანობას სათანადო ჩარჩოებში მოაქცევენ".
ICC-მ გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო და სანქციები საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე თავდასხმად შეაფასა. სასამართლოს განცხადებით, ეს ნაბიჯი მიმართულია დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა და რომელსაც რომის სტატუტის 125-მა მონაწილე სახელმწიფომ გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ომის დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მანდატი მიანიჭა.
განცხადებაში ნათქვამია: „ეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისა და სასამართლოსთვის მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობაა. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის საფუძვლებზე, რაც ეწინააღმდეგება მარტივ პრინციპს – არავინ დგას კანონზე მაღლა". სასამართლოს შეფასებით, სანქციების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობის შეფერხება და იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც სასამართლოში მუშაობენ ან მასთან თანამშრომლობენ.
ICC-ის პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს თქმით, სასამართლო ზეწოლის მიუხედავად საქმიანობას გააგრძელებს: „სასამართლო სრულად შეასრულებს საკუთარ მანდატს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, მხოლოდ კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მძიმე დანაშაულების უამრავი მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე".
სასამართლოში მიიჩნევენ, რომ მის მომავალზე პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოებსაც ეკისრებათ, რომლებმაც ICC შექმნეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რომის სტატუტი საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ვალდებულებაა, რომლის თანახმადაც ყველაზე მძიმე დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ICC აღნიშნავს, რომ არავინ უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების სამსახურში ყოფნისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი განსაზღვრავს, რამდენად დაიცავს ის პრინციპებს, რომელთა ერთგულებაც თავად აქვს გამოცხადებული.
აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმეს კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ერთობლივ განცხადებაში ისინი ადასტურებენ ICC-ის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მხარდაჭერას, შეშფოთებით ხვდებიან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და არ ეთანხმებიან სანქციების დაწესებას. მათი თქმით, სანქციებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სასამართლოს მუშაობას, მის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ICC-ის თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულებში ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
რვავე მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლოს მხარდაჭერასთან ერთად მზადაა, რომის სტატუტის მონაწილეობის არმქონე სახელმწიფოებთან კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი გააგრძელოს. ეს პროცესი 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის მზადების ნაწილია. მინისტრების თქმით, ისინი ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელებენ ICC-ის საქმიანობის მხარდაჭერას, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვასა და საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას.
აქამდე აშშ-მა დაასანქცირა ICC-ის პროკურორი კარიმ ხანი და სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე. ხანის სანქცირების ბრძანებაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული იყო ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემა. მოსამართლეების შემთხვევაში მიზეზად დასახელდა ის, რომ „მათ მონაწილეობა მიიღეს აშშ-ისა და მისი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო მოქმედებებში". სანქციები ითვალისწინებს აშშ-ის იურისდიქციაში არსებული სანქცირებული პირების აქტივების დაბლოკვას და მათთან გარკვეული ფინანსური ოპერაციების აკრძალვას.
2024 წლის 21 ნოემბერს ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს შეფასებით, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მათ შესაძლოა ჩაედინათ ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ღაზაში. ბრალდებები მოიცავს ომის მეთოდად შიმშილის გამოყენებას, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების განზრახ მიმართვას, მკვლელობას, დევნასა და სხვა არაადამიანურ ქმედებებს. იმავე დღეს ICC-მ უარყო ისრაელის ორი მოთხოვნა, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციასა და გამოძიების პროცედურებს ეხებოდა. ICC-მ მიიჩნია, რომ პალესტინის სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით, იურისდიქცია ჰქონდა.
2025 წლის 16 ივლისს ისრაელმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გაუქმებულიყო ან ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები და შეჩერებულიყო პროკურორის გამოძიება. 2025 წლის 24 ივლისს ICC-ის წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ უნგრეთმა არ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა ნეთანიაჰუს დროებით დაკავებასთან დაკავშირებით და საკითხი მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეას გადასცა. სასამართლოს რეესტრში გამოქვეყნებულია 2025 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც, რომელიც ეხება ისრაელის მოთხოვნას, მიეღო გასაჩივრების ნებართვა უნგრეთის მიერ ნეთანიაჰუს დაკავებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის საკითხზე.
ICC-ს საქართველოს საქმეზეც უმუშავია. გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხებოდა. ის მოიცავდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს და ძირითადად სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს შეეხო. 2016 წლის 27 იანვარს წინასასამართლო პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყების უფლება მისცა. სასამართლო სწავლობდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, მათ შორის მკვლელობას, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, დევნას, უკანონო დაკავებასა და ქონების განადგურებას.
2022 წლის 30 ივნისს ICC-მ მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის დაკავების ორდერები გასცა. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით არიან ეჭვმიტანილები. სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, წამებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა საქართველოს სიტუაციაზე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა, რაც სასამართლოში არსებული საქმეების ავტომატურ დასრულებას არ ნიშნავს.
ICC-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერები გამამტყუნებელი განაჩენი არ არის. ისინი ეფუძნება სასამართლოს შეფასებას, რომ შესაბამისი პირების მიმართ არსებობს სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძველი. დანაშაულის ჩადენის ფაქტი საბოლოოდ დადგენილად მხოლოდ შესაბამისი სასამართლო განხილვისა და განაჩენის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს.









