დავითაძის დედა პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება: ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურის განცხადებას ეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი შვილის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დასრულდა. მისი თქმით, სხვა მოლოდინი არ ჰქონია.
ირმა დავითაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ გამოსვლა იმით დაიწყო, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, თითქოს დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება.
„სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“, - განაცხადა ირმა დავითაძემ.
საქართველოს პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში დავითაძის შემოწმებისას მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.









