ჰერჩინსკი: ანტიევროპული რიტორიკა ევროკავშირისა და საქართველოს კავშირს ვერ შეცვლის

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მისი თქმით, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის. ელჩმა ეს თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“ სიტყვით გამოსვლისას თქვა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.
„ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.









