პროკურატურამ დავითაძის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არარსებობის გამო, შეწყვიტა. უწყების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში დავითაძის შემოწმების პროცესში „მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“.
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 21 დეკემბერს საკნის გეგმიური შემოწმებისას დავითაძემ დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იმუქრებოდა თვითდაზიანებით და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. ამის გამო იგი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს, სადაც, პროკურატურის თქმით, თანამშრომლების შეურაცხყოფას განაგრძობდა და აგრესიული იყო.
უწყების განმარტებით, პირადი შემოწმების მიზნით კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიყენეს იძულების პროპორციული ზომა: დაწესებულების სამმა თანამშრომელმა ბრალდებული დააკავა, ერთ-ერთმა მათგანმა, გ.ვ.-მ კი „სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით“ ჩაუტარა პირადი შემოწმება. პროკურატურის მტკიცებით, შემოწმებისას მეტალოდეტექტორიც გამოიყენეს.
პროკურატურა წერს, რომ დეესკალაციის ოთახში მომხდარიდან 5 დღეში დავითაძე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა. უწყების თქმით, მას წარმომადგენელთან გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია. მისივე განმარტებით, დავითაძემ თქვა, რომ დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვინმე „კვარამ“, გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე თქვა, რომ თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სახალხო დამცველის აპარატიდან გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურაში შესულ გამომძიებელს დავითაძემ ადვოკატის გარეშე ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. მისმა ადვოკატმა 2025 წლის 29 დეკემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე უარი თქვა. 2026 წლის 9 იანვარს კი განმარტა, რომ ჯანმრთელობის გამო კვლავ ვერ გამოცხადდებოდა და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, მის ინტერესებს სხვა ადვოკატი დაიცავდა.
დავითაძე 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით გამოკითხეს. პროკურატურის თქმით, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების შესახებ მან მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა. ადვოკატის თანდასწრებით მან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა და მიუთითა, რომ ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. გამოკითხვისას დასახელებული „კვარა“, როგორც შემდეგ განმარტეს, გიორგი კვარაცხელიაა, რომელიც აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მუშაობს.
2026 წლის 3 ივლისს დავითაძის ადვოკატმა პროკურატურას დაზარალებულად ცნობის შუამდგომლობით მიმართა. პროკურორმა იმავე დღეს დასაბუთებული დადგენილებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა. ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა დავითაძის პირადი შემოწმებისას განხორციელებული მოქმედებები. დასკვნის თანახმად, ჩანაწერებზე დავითაძის მიმართ ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება და მონტაჟის კვალიც არ აღენიშნება.
პროკურატურა წერს, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა: დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან.
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა დავითაძემ ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა მისი აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ „ბადრაგმა გააუპატიურა“. მისივე თქმით, ბადრაგები მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, ხმის გარეშე. სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. უწყების ვერსიით, შემდეგ თანამშრომლებმა შემოწმება იძულებით ჩაუტარეს, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.
პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა. სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დავითაძის შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.
დავითაძის დედის განცხადებით, გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისივე თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.
სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც გამოძიება დაიწყო. მოქმედმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას თქვა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.









