საფრანგეთში აქციებზე 504 ადამიანი დააკავეს, 48 სამართალდამცავი დაშავდა

საფრანგეთში ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებზე 504 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 48 სამართალდამცავი დაშავდა.
ოფიციალური მონაცემებით, აქციებში 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 24 500 პარიზში. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დეტალურად მიმოიხილა ზომები, რომლებიც მანამდე განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ დააანონსა. ზომები 3 024 შემცვლელი პედაგოგის მობილიზებას ითვალისწინებს, პრიორიტეტი კი იმ 114 სკოლას მიენიჭება, რომლებიც ყველაზე დიდ სირთულეებს განიცდიან.
„შემცვლელი მასწავლებლების ნაკლებობის გამო გაცდენილი გაკვეთილის თითოეული საათი მოსწავლეებს აზარალებს. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, რათა „მოსწავლეების მიერ გამოთქმული ზოგიერთი წინადადება კონკრეტულ ღონისძიებებად აქციოს“.
მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. მოძრაობის დაწყების შემდეგ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.









