ევროკავშირის ელჩმა თელავში „ევროპის დღის“ დამსწრეებს ქართულად მიმართა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, თელავში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“ დამსწრეებს ქართულად მიმართა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს.
ელჩის თქმით, 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მისი განმარტებით, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის.
„დიდი ბოდიში ჩემი დამტვრეული ქართულისთვის, თუმცა მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ. მიხარია, რომ წელს პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ, ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები, ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირი არც ახალი და მით უფრო არც უცხო ამბავია. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში თითქმის 80 წელია ევროკავშირი მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად რჩება. ეს დიდი შრომით, მონდომებითა და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შეიქმნა, ამიტომაც სურთ, ეს სიკეთე გაუზიარონ მათ, ვინც პატივს სცემს საერთო წესებს.
„წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას. თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე, თქვენ ხართ ორივე“, - განაცხადა ელჩმა.
გამოსვლა ჰერჩინსკიმ სადღეგრძელოთი დაასრულა: „წუთისოფელი ეგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. მან დაამატა: „გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას, წინ, საქართველო, წინ!“









