ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგის“ კომპანიამ სომხეთს ხუთი სასკოლო ავტობუსი მიაწოდა

„თეგეტა ჰოლდინგის“ კომპანიამ სომხეთს ხუთი სასკოლო ავტობუსი მიაწოდა

„თეგეტა ჰოლდინგის“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ Premium Machinery Armenia-მ (PMA) სომხეთს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხუთი ახალი სასკოლო ავტობუსი მიაწოდა. საპილოტე პროგრამა ახალაშენებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად.

ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. მათ მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია.

მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება და ჯამში 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. PMA-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება“.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება“.

პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით PMA თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც: 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. PMA ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ