მსოფლიო

აშშ „ფორტ-ჰუდის“ სროლის ორგანიზატორის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში გადასცემს

აშშ „ფორტ-ჰუდის“ სროლის ორგანიზატორის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში გადასცემს

აშშ პირდაპირ ეთერში გადასცემს არმიის მიერ დახვრეტით სიკვდილით დასჯის პროცესს იმ პირის მიმართ, რომელმაც 2009 წელს „ფორტ-ჰუდის“ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თქმით, აშშ-ში სიკვდილით დასჯის პროცესის ტრანსლირება უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

არმიის ყოფილი ფსიქიატრი ნიდალ ჰასანი პირველი პირი გახდება 1945 წლის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები დახვრეტით სიკვდილით დასჯის.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება იგეგმება. „უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ეს ნახოს და პროცესი საჯარო იყოს. რადგან ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავს ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ჰასანს რაიმე უკანასკნელი თხოვნა, ჰეგსეთმა უპასუხა: „არ მაინტერესებს. მას 3 დეკემბერს ვიხილავთ“.

სამხედრო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ჰასანს 2013 წლის აგვისტოში სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მას შემდეგ რაც იგი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის 45 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. სროლა მოხდა რამდენიმე კვირით ადრე იმ პერიოდამდე, როცა ჰასანი, რომელიც ამჟამად 56 წლისაა, ავღანეთში სამხედრო სამსახურის გასავლელად უნდა გაეგზავნათ. დაკავებისას პოლიციის მიერ მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად იგი ნაწილობრივ პარალიზდა და ეტლს მიეჯაჭვა.

აშშ-ის სამხედრო კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯის დახვრეტით აღსრულება პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. პენტაგონის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჰეგსეტის რეკომენდაციით, ეს უკვე გააკეთა.