პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში ცვლილებით შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება

პარლამენტი 6 ნოემბერს “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა 6 ნოემბერს დაიწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ. პროექტს კომიტეტებს დავით მათიკაშვილი წარუდგენს.

ერთ-ერთი ცვლილება არჩევნების გასაჩივრების წესს ეხება. პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისთვის კონკრეტული პირობები შეიძლება დაუწესდეთ, რომელთა გარეშეც სასამართლო სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს. კანონს ახალი მუხლი ემატება: ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის ასახული, არასრულად ან შეცდომითაა ასახული საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში მოცემული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს ოქმში შედის. იგივე ეხება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგებს.

პროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნების დარღვევით წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. თუ სარჩელი მაინც მიიღეს, სასამართლო მხოლოდ მითითებულ გარემოებებზე იმსჯელებს და დარღვევის დადგენის შემთხვევაში ცესკოს თავისივე ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორებას დაავალებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა შემთხვევითი შერჩევით არაუმეტეს ხუთ უბანზე ხელახლა გადათვალონ გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგები. შესაბამისი მუხლი კოდექსიდან ამოდის.

იცვლება შედეგების შეჯამების წესიც. პარლამენტის, მუნიციპალური საკრებულოების და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ის გამოსცემს. შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება: პარლამენტის, თბილისისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს უნდა შეჯამდეს.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებსაც. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერების უფლებამოსილება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღეს დაიწყება.

იცვლება არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებულ სახსრებზე აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადაც. სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით კანონით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას მიიღებს, ანგარიშს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა წარადგენს. მოქმედი კანონით ეს ვადა მე-12 დღეა.

ცესკოსა და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები ცესკოსა და საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს გადაეცემათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ განკარგულებას კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვაზე დამკვირვებლების დანიშვნის განკარგულებასაც ცესკოს ნაცვლად მისი თავმჯდომარე გამოსცემს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი შატაკიშვილი.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ