Amnesty ალიევს სამადოვის გათავისუფლებას და წამების საფრთხის აღმოფხვრას სთხოვს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა და OC Media-ს ავტორის, ბაჰრუზ სამადოვის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სამადოვს შესაძლოა წამების საფრთხე ემუქრებოდეს.
31 წლის სამადოვი 2024 წელს დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბრალს არ აღიარებს. დაკავებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში OC Media-სთვის წერდა. Amnesty-ის შეფასებით, ის „თვითნებურად არის დაპატიმრებული“.
ალიევისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია: „მოვუწოდებ თქვენ და თქვენს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოთ ბაჰრუზ სამადოვი. გათავისუფლებამდე კი შეწყვიტოთ მისი სამარტოო საკანში მოთავსება, უზრუნველყოთ მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევა და მისი უსაფრთხო და ჰუმანურ პირობებში ყოფნა“.
ორგანიზაცია პატიმრობას უკავშირებს სამადოვის საქმიანობას, როგორც „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ღია მხარდამჭერისა“. Amnesty-ის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „მხოლოდ მის მშვიდობიან აქტივიზმს, სომხეთთან დიალოგის მხარდაჭერასა და მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომეხი მოსახლეობის განდევნის კრიტიკას ეფუძნება“. მისი სტატიები OC Media-ში, EurasiaNet-სა და OpenDemocracy-ში ქვეყნდებოდა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა. Amnesty-ის თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება საჯაროდ არასოდეს წარმოდგენილა.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე, მას შემდეგ რაც სააპელაციო მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, სამადოვმა ბასრი საგნით ხელი დაიზიანა. ეს მისმა ადვოკატმა ზიბეიდა სადიგოვამ OC Media-ს დაუდასტურა. სამადოვმა სასამართლოს მიმართა: „როცა სიტყვები აღარ გყოფნის, სისხლით უნდა ილაპარაკო“.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობის პერიოდში სამადოვი „ბნელ, ვიწრო საკანში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც მას არ ჰქონდა ციხის ეზოში გასვლის შესაძლებლობა“. ერთ თვეზე მეტ ხანს არ აძლევდნენ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და უარს ეუბნებოდნენ ოფთალმოლოგიურ დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა. მისმა ექიმმა გაუარესება პატიმრობის პირობებს დაუკავშირა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამადოვმა პატიმრობისას თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, ორი თვის განმავლობაში კი სადამსჯელო ღონისძიების სახით სამარტოო საკანში ჰყავდათ მოთავსებული და სასამართლო სხდომების დროსაც განზრახ იზოლაციაში ამყოფებდნენ.
Amnesty-ის დასკვნით, „აუცილებელი სამედიცინო დახმარების არგაწევასთან ერთად, აღნიშნული გარემოებები შესაძლოა წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უტოლდებოდეს“. ორგანიზაცია ალიევს „უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნისა“ და სამადოვის მიმართ მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს, ასევე მოითხოვს, რომ აზერბაიჯანმა „შეწყვიტოს მშვიდობიანი განსხვავებული აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია“.
30 ოქტომბერს სამადოვის მეგობარმა, ამრაჰ თამაზოვმა განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ბაჰრუზი პირადად მოინახულა აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ ზედაპირულად შეამოწმა, ფოტო გადაიღო და წავიდა. თამაზოვის განცხადებით, ვიზიტისა და ფოტოს გადაღების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მოგვიანებით ეთქვათ: „ნუ ღელავთ, ჩვენ მას ვნახულობთ, ის ცოცხალია, ყველაფერი რიგზეა“.











