მსოფლიო

აშშ-ის ელჩი პოლონეთში: საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მოვლენები ძალიან სერიოზულია

პოლონეთში აშშ-ის ელჩი - საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულია

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა ტომ როუზმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულად შეაფასა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას და საკონსტიტუციო ორგანოს დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილებას. ორივე მხარე სრულიად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რატომ. ის, რაც ახლა პოლონეთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება გაცილებით უარეს მოვლენებში გადაიზარდოს“, - წერს აშშ-ის ელჩი.

როუზის თქმით, აშშ პოლონეთის მხარეს არის და მის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენი ადგილი არ არის, რომ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩავერიოთ ან იგი განვსაჯოთ. ჩვენ ვზრუნავთ იმ ქვეყნის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ მომავალზე, რომელსაც მეგობარსა და მოკავშირეს სიამაყით ვუწოდებთ“, - აცხადებს ელჩი.

პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკის და მისი მოადგილე ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მოგვიანებით X-ზე ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.

პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია ტრიბუნალის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით ვითარება კვლავ დაიძაბა, როცა ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ