მსოფლიო

ევროკავშირი და კანადა მონრეალის სამიტზე „მომავლის ალიანსს“ ქმნიან

ევროკავშირი და კანადა მონრეალის სამიტზე „მომავლის ალიანსს“ ქმნიან

მონრეალში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და კანადამ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ახალ ალიანსს მომავლისთვის. ევროკავშირის თანახმად, მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი ალიანსის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცის ჩამოყალიბება.

„ეს არის მომენტი, როდესაც მკაფიო ხედვითა და ამბიციით უნდა ვიმოქმედოთ. ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, კანადა და ევროკავშირი ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ „მომავლის ალიანსს“ ქმნიან, რომელიც დღევანდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მასშტაბს შეესაბამება და გააძლიერებს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რასაც ჩვენი მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, — ნათქვამია სამიტის განცხადებაში.

ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ექვსი მიმართულებით.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ევროკავშირისა და კანადის კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირებისკენ. 2027 წლის ევროკავშირისა და კანადის სამიტამდე ისინი განსაზღვრავენ კანადის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირების კონცეფციას, რაც სრულუფლებიან წევრობაზე ნაკლებად ღრმა ფორმას გულისხმობს.

16 სექტემბერს ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ინიციატივა წამოაყენა, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ფორმულირება მოულოდნელი აღმოჩნდა წევრი ქვეყნებისთვის, რადგან ის შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე ბუნდოვანია, რას გულისხმობს ასოცირებული წევრობა: ასეთი ფორმა არც ევროკავშირის ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული და არც პრეცედენტი ჰქონია.

მანამდე გერმანიამ უკრაინისთვის ასოცირებული წევრობა შესთავაზა, რაც ეტაპობრივი ინტეგრაციის კონკრეტულ ზომებს მოიცავდა. კიევმა ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ ევროკავშირში მხოლოდ სრული ინტეგრაცია სურს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ