მსოფლიო

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან შეტაკებები მოხდა, თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდა

მედია - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კრიზისი გამწვავდა. პარასკევს საღამოს ტრიბუნალის შენობასთან შეტაკებები მოხდა: ერთმანეთს სამართალდამცავები და შენობასთან მისული დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა. მის საფუძველზე ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკის, და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის, უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მოგვიანებით X-ზე ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა განაცხადა, რომ ტრიბუნალს მოსამართლეებისთვის, მათ შორის თავმჯდომარე შვეჩკოვსკისთვის, იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ხუთი შუამდგომლობა წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შექმნილი ვითარება ყოფილმა მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ გამოიწვია. მისივე სიტყვით: „კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში არსებული უკანონობის შემდეგ, ეს რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“.

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.

ტრიბუნალის გარშემო კონფლიქტი 2015 წელს დაიწყო და მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მაშინდელ მთავრობასა და წინა საპარლამენტო უმრავლესობას შორის წარმოიშვა. 2015 წლის ოქტომბერში მაშინდელმა უმრავლესობამ ტრიბუნალის ხუთი მოსამართლე აირჩია. ცოტა ხანში ხელისუფლებაში „კანონი და სამართლიანობა“ მოვიდა, დანიშვნები გააუქმა და ახალი კანდიდატები აირჩია. მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ოთხი ახალი მოსამართლე დანიშნა, რასაც ხანგრძლივი ინსტიტუციური კრიზისი მოჰყვა.

დონალდ ტუსკმა 2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კანონის უზენაესობის აღდგენისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების პირობა დადო. კრიზისი წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა, როცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ წარდგენილი ექვსი მოსამართლიდან სამის დანიშვნაზე უარი თქვა. თავმჯდომარე შვეჩკოვსკიმ კი განაცხადა, რომ მოქმედი უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს უფლებამოსილებას არ მიანიჭებდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ