პოლიტიკა

SJC: პარტიების აკრძალვის საქმეში ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა

SJC: პარტიების აკრძალვის საქმეში ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები პროცესის სამართლიანობასა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.

ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის დაუსაბუთებლობას, მტკიცებულებების გამოკვლევის მკაფიო საპროცესო წესების არარსებობასა და მოპასუხე პარტიების შუამდგომლობების უმრავლესობის დაუკმაყოფილებლობას.

SJC-ის თქმით, სარჩელიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი ქმედება რომელ პარტიას მიეწერება და რომელი ბრალდება ვის მიემართება. ორგანიზაციის შეფასებით, ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებების აღწერა ვერ დაასაბუთებს მოგვიანებით შექმნილი სხვა პარტიის აკრძალვას, თუ მათ შორის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი კავშირი ნაჩვენები არ არის.

21-23 ოქტომბერს, შუამდგომლობების განხილვისას, მოპასუხე პარტიებმა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და რელევანტური მოწმეების, მათ შორის პარტიების წარსულის ხელმძღვანელების, გამოკითხვა მოითხოვეს. SJC-ის ცნობით, სასამართლომ შუამდგომლობების აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც პარტიებს პრაქტიკულად არ მიეცათ დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. „ეს კი, ინკვიზიციური პროცესის პირობებშიც დიდ შეკითხვებს აჩენს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს SJC.

ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაშვებას მიიჩნევს. ეს დასკვნა მოსარჩელეთა მთავარი მტკიცებულებაა. მოპასუხე პარტიები მის ამოღებას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტი სათანადო მტკიცებულებით სტანდარტს არ ეფუძნებოდა და შეიცავდა დანაშაულებსა და დამნაშავეებზე ისეთ შეფასებებს, რომელთა გაკეთების უფლებამოსილება კომისიას სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განაჩენების გარეშე არ ჰქონდა.

SJC-ის თქმით, კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა არსებობს: მისი შემადგენლობა არ აკმაყოფილებდა ოპოზიციური წარმომადგენლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, მანდატი რეგლამენტით განსაზღვრულ ფარგლებს გასცდა, ხოლო დანაშაულის შესახებ შეფასებები სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ჩაანაცვლებს. საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნა საქმეში დატოვა და არ დააკმაყოფილა იმ მოწმეების გამოკითხვის შუამდგომლობები, რომლებსაც სარჩელში მითითებულ ფაქტებზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ.

ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს მტკიცებულებების შეფასების სტანდარტსაც. სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ ფაქტების დადგენისას „ცხადი და დამაჯერებელი“ მტკიცებულების სტანდარტს გამოიყენებდა. SJC-ის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის, რადგან პარტიის აკრძალვის საქმე იმპიჩმენტისგან განსხვავდება: აქ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად სასამართლო იღებს და სწორედ ის იწვევს აკრძალვას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, SJC წერს, რომ პარტიის დაშლა დასაშვებია მხოლოდ „განსაკუთრებით დამაჯერებელი და წონადი მიზეზების“ არსებობისას. სასამართლომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და საკმარისად მყისიერი საფრთხე, უკავშირდება თუ არა ის კონკრეტული პარტიის საქმიანობას და არის თუ არა აკრძალვა აუცილებელი და პროპორციული.

SJC-ის ცნობით, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა, მეორე — 2026 წლის 21 აპრილს, ხოლო მიმდინარე, მესამე სარჩელი — 2026 წლის 24 სექტემბერს. პირველი ორი სარჩელი „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა თავად გაიხმეს, მათი სამართლებრივი დასაბუთება კი არსებითად უცვლელი დარჩა. ორგანიზაციის შეფასებით, წინა ორ საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების საკითხი დიდხანს არ გადაწყვეტილა, მიმდინარე სარჩელის მიღების პროცედურები კი სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილებების პერიოდში წარიმართა.

SJC იხსენებს მოსამართლე მანანა კობახიძის შემთხვევას: 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მან პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მოვლენების თანმიმდევრობა დამატებით კითხვებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ.

SJC მიიჩნევს, რომ საპროცესო ხარვეზები საფრთხეს უქმნის მხარეთა თანასწორობასა და ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას. ორგანიზაციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული პარტიის მიმართ ინდივიდუალური, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება უნდა უზრუნველყოს და პარტიების აკრძალვისთვის დადგენილი მკაცრი სტანდარტები დაიცვას. „წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავად შეუწყობს ხელს ავტოკრატიული კონსოლიდაციის ყველაზე აგრესიულ პროცესს და დემოკრატიული გარემოს განადგურებას ქვეყანაში“, — წერს ორგანიზაცია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ