სემეკს ბუნებრივ გაზსა და წყალზე საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება მიენიჭა

პარლამენტმა მესამე მოსმენით სემეკს ბუნებრივ გაზსა და წყალზე საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება მიანიჭა. მარეგულირებელმა ახალ ტარიფებზე დეკემბერში უნდა იმსჯელოს.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, გაზისა და წყლის ტარიფები დეკემბერში გადაიხედება. ცვლილება ელექტროენერგიას არ შეეხება, რომლის ღირებულებაც 1 კვტ/სთ-ზე აპრილიდან 5 თეთრით გაიზარდა. საფეხურების მიხედვით, ეს ზრდა აბონენტთა ნაწილისთვის 21%-იან, ნაწილისთვის 26%-იან, ნაწილისთვის კი 33%-იან გაძვირებას ნიშნავდა.
ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის უკვე მოქმედებს სამსაფეხურიანი ტარიფი. თბილისში თვეში 0-100 კვტ/სთ-ის მოხმარებისას 1 კვტ/სთ-ის ფასი 20 თეთრია, 101-300 კვტ/სთ-ზე — 24 თეთრი, 301+ კვტ/სთ-ზე კი 28.5 თეთრი. რეგიონებშიც მდგომარეობა თითქმის იგივეა, 0.5 თეთრის სხვაობით.
საბაზრო კანონის მიხედვით, პროდუქტის დიდი რაოდენობით შეძენისას ერთეულის ფასი უნდა მცირდებოდეს. მზარდი ტარიფი სოციალურ და არა ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. მისი კიდევ ერთი ახსნა ქსელის გადატვირთვისგან დაცვის მცდელობაა, რადგან მოხმარების დაზოგვით ქსელში ავარიების რისკი მცირდება.
სავარაუდოდ, იგივე სქემა ბუნებრივი გაზის სექტორშიც იგეგმება: აბონენტები, რომლებიც მეტ გაზს მოიხმარენ, ერთ კუბურ მეტრში მეტ თანხას გადაიხდიან.
იგივე მიდგომის გავრცელების უფლება სემეკს წყალზეც ენიჭება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ოჯახისთვის წყლის გადასახადი ელექტროენერგიისა და გაზისაზე ბევრად ნაკლებია. მაგალითად, თუ აბონენტი გაზში თვეში საშუალოდ 100 ლარს იხდიდა, წყალში კი 10 ლარს, 20%-იანი გაძვირებისას წყლის ხარჯი 2 ლარით გაიზრდება, გაზის — 20 ლარით.











