GCCA-ის ანგარიში: 2025 წელს მომხმარებელთა განაცხადები 65%-ით გაიზარდა, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანია დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოსმენას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. ლექვინაძემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოთხი მოკვლევა დასრულდა. ორ შემთხვევაში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ორ შემთხვევაში კი ჭარბი ფასი დადგინდა. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების გამო ოთხ კომპანიას ჯამში 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა რუსთავის ავტობაზრობას შეეხო, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა.
სააგენტო სხვადასხვა ბაზარს, მათ შორის საწვავის, FMCG-ის, აგროსასუქებისა და პესტიციდების და სამედიცინო სერვისების ბაზრებს აკვირდებოდა. სულ 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობდა. ანგარიშში შუალედური ანგარიშები და პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციებია წარმოდგენილი.
გასულ წელს დაახლოებით 24 ათასი რეგისტრირებული კონცენტრაცია გადამოწმდა და 18-ზე თანხმობა გაიცა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ საცალო ვაჭრობისა და სამედიცინო/განათლების სექტორებშია.
მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, მოქალაქეებმა კი წლიურად საშუალოდ დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიბრუნეს. განაცხადების დაახლოებით 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორებია ტანსაცმლითა და ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისები. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის დაბრუნებას ითხოვს. საჩივრები ერთი თვის ვადაში, ყოველგვარი ხარჯის გარეშე განიხილება.
ლექვინაძის თქმით, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ის მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის, ICPEN-ის პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. პრეზიდენტობის ფარგლებში საქართველომ 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-მ გასულ წელს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. ეს ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ის საკომუნიკაციო სტრატეგიაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წელს ერთი კვლევა დასრულდა, რომელიც ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს შეეხებოდა. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით GCCA-მ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, სააგენტომ წამყვანი როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
2026 წელს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან 30 წელი შესრულდა. ანგარიშში ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწეული შედეგებია წარმოდგენილი. ლექვინაძის განცხადებით, სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.











