პოლიტიკა

კვაშნევსკი ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ: პრეზიდენტის ცოდნა ნარკოპოლიტიკაზე შთაბეჭდილებას ტოვებს

ალექსანდერ კვაშნევსკი - ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარე ალექსანდერ კვაშნევსკიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის ცოდნა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულება შთაბეჭდილებას ახდენს. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

კვაშნევსკის თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო. მისივე განმარტებით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად ნარკოტიკების მომხმარებელთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, დახმარებაც.

„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება", - განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ.

მისი თქმით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კვაშნევსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ