პოლიტიკა

ბერსე: საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია და ძირს უთხრის ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს

ბერსე: საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია და ძირს უთხრის ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ დემოკრატიის შემაშფოთებელი უკუსვლა ძირს უთხრის საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ვითარებისა და ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვის შესახებ ბერსეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე ჰკითხეს.

ბერსეს თქმით: „საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა — ჩვენ ასე ვუწოდებთ — ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ ვდგავართ შემზღუდველი კანონმდებლობის, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ოპოზიციაზე ზეწოლის წინაშე და ყველა ეს ელემენტი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს“.

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმესთან დაკავშირებით ბერსემ თქვა, რომ შეშფოთება გამოხატა, თუმცა სასამართლოს განაჩენის წინასწარგანჭვრეტის გარეშე. მისი სიტყვებით: „რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობის პრინციპზე ვართ დაფუძნებული. ეს კი ნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებათა კონვენცია, ასევე, სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრეცედენტული სამართალი. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი ელემენტი საბოლოოდ ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდება, ან შესაძლოა, განხილულ იქნას. ამიტომ, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას ისე, რომ არ შევარყიო სასამართლოს პოზიცია. მაგრამ ამის თქმით, შედეგის წინასწარ განჭვრეტის გარეშე, მე მოვუწოდე მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ“.

ბერსემ „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ პარტიის გაუქმება მოითხოვს დამაჯერებელ დასაბუთებას და აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას. მისი თქმით, ყოველთვის ცდილობდა დიალოგში ჩართულობას და ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან.

ბერსემ განაცხადა: „ბოლოს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან სექტემბერში, ნიუ-იორკში, განვიხილე და ხაზი გავუსვი ქვეყნის ვალდებულებების პატივისცემის მნიშვნელობას. როგორც ყველამ ვიცით, ევროპის საბჭო კვლავაც ჩართულია — თქვენი, კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით. ასევე, მინდა ვახსენო ვენეციის კომისია, რომელმაც ახლახან გასცა სახელმძღვანელო მითითებები შემზღუდველ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აგრძელებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერას. ვფიქრობ, დიალოგმა ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს. ამ დროისთვის სიტუაცია ძალიან რთულია“.

ბერსეს სიტყვებით: „იცით, ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას. ეს ნიშნავს ვალდებულებების მაღალი დონის აღიარებას, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, და ასევე ნიშნავს სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულების აღებას. ეს არის საკვანძო ელემენტი, თუმცა ამას დრო სჭირდება“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის დაწყებამდე ალენ ბერსემ განცხადება გაავრცელა და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ