პარლამენტმა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გადახედვა ორ თვეში ერთხელ დააწესა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პირის სტაციონარიდან გაწერის წესს ეხება. ცვლილებები შევიდა კანონში „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე მაქსიმუმ 4 წლამდე ვადით ნიშნავს.
დღეს მიღებული კანონის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მკურნალობის დანიშვნიდან ყოველ ორ თვეში ერთხელ განიხილავს და შეისწავლის, ისევ არსებობს თუ არა საფუძვლები, რის გამოც იძულებითი მკურნალობა დაინიშნა. კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
მკურნალობის დანიშვნიდან 6 თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის. სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელთა გამოც პირს მკურნალობა შეეფარდა. მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეიტანეს. 2026 წლის 30 აპრილს სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც სადავო იყო იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, ამ მკურნალობის გამოყენებაზე სასამართლოს უფლებამოსილება და მკურნალობის ვადა.











