მოსკოვში ფიფიასა და ფარცხალაძის თანადაფუძნებული „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდი წარადგინეს

28 ოქტომბერს მოსკოვში მრგვალი მაგიდა გაიმართა და „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაცია მოეწყო. ფონდის თანადამფუძნებლები არიან მამუკა ფიფია და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ფიფიას დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს, ფარცხალაძეს კი — აშშ და ბრიტანეთი. ფარცხალაძე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია.
რუსული სამთავრობო მედიის, Sputnik-ის ცნობით, ღონისძიებაზე დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მასში რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების წინადადებებია. დოკუმენტი ითვალისწინებს ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს მთავრობისთვის მიმართვას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ინიციატივით. მათ შორისაა რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა, რუსული ენის პოპულარიზაცია და ეკლესიაში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
1 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში სანქციები დაუწესა მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, პაატა აბულაძესა და გიორგი ირემაძეს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ფიფია, რომელიც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და საერთაშორისო მდივანია, ხელმძღვანელობდა ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაციას, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანეთის მხარე ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.
გასულ თვეს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ომში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე მიიწვია.
2023 წელს აშშ-მა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, რუსულმა FSB-მ ის ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად გამოიყენა. 2025 წელს ფარცხალაძე ბრიტანეთმაც დაასანქცირა. ყოფილი გენპროკურორი ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეში.











