კონფლიქტები

ზელენსკი: ტრამპმა პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

ზელენსკი: ტრამპმა პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ომის დასრულებაში დახმარება შეუძლია, თუმცა ამისთვის ვლადიმირ პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს. ზელენსკიმ ეს პოდკასტ The Diary Of A CEO-ში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა ძალიან მარტივად შეუძლია. „რიტორიკა, რომელსაც ჩემი მისამართით იყენებს, პუტინის მიმართ უნდა გამოიყენოს. მას მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდევს, რომელსაც ხმა არა თავად, არამედ კონგრესმა მისცა - მას ამის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, შესაძლოა სხვა რამ არის. არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი უსამართლობად მიიჩნევს იმას, რომ ტრამპი აშშ-ში დიზელის საწვავის ფასების ზრდაში მას ადანაშაულებს. „პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელ ხალხს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები თითქოს იმიტომ იზრდება, რომ ჩვენ რუსეთში დარტყმებს ვახორციელებთ. ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ უსამართლოდ მიმაჩნია, რომ ის მე მადანაშაულებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ