ზელენსკი: რუსეთი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას უჭერს მხარს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. მან ეს მედიასთან საუბარში განაცხადა. ზელენსკის თქმით, შეხვედრის ვადები უცნობია.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის შეხვედრა რუსულ მხარესთან. მისივე განმარტებით, უკრაინამ გამოხმაურება მიიღო და, როგორც ბრიფინგიდან გაიგეს, რუსეთი სამმხრივ შეხვედრას უჭერს მხარს. ამერიკული მხარე შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვას ითხოვს, უკრაინა კი ამას მხარს უჭერს.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგში რჩება ომის დასრულება, მშვიდობის დაახლოება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება.
„ამ დღის წესრიგის შესამუშავებლად გუნდები საუბარს გააგრძელებენ. არ ვიცი როდის შედგება ეს შეხვედრა… ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.











