რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, 15 ადამიანი დაშავდა

რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. დარტყმები დნეპროვსკისა და დარნიცკის რაიონებში განხორციელდა, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთმა დარნიცკის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს შეუტია. არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
დაზიანდა პეჩერსკის რაიონში მდებარე სასწრაფო დახმარების სადგური და სამხრეთ ხიდზე არსებული მეტროს ინფრასტრუქტურა, რამაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა გამოიწვია.
რუსეთმა ამასობაში განაცხადა, რომ „პრინციპში მზად არის“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს: „პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს აცნობა, რომ ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები მთავარ თემაზე დაახლოებით 10 ნოემბერს. ეს თემა ეხება რუსეთისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას კონფლიქტის დასრულების შემდეგ“.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით კი, „ომის დასრულებასთან მსოფლიო ასე ახლოს არასდროს ყოფილა“.











