სამართალი

უზენაესმა სასამართლომ სახლის დაწვის საქმეზე გამართლებული ხელოსანი დამნაშავედ ცნო

უზენაესმა სასამართლომ სახლის დაწვის საქმეზე გამართლებული ხელოსანი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პირი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გაამართლა, დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მონაცემით, 2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების დროს ხელოსანმა წინადხედულობის ნორმები დაარღვია. ამის შედეგად ხანძარი გაჩნდა და სახლი დაიწვა, რამაც დაზარალებულს 81 000 ლარის ზიანი მიაყენა.

ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ეს მუხლი სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურებას ეხება, როცა ის მნიშვნელოვან ზიანს იწვევს და ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით არის ჩადენილი.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის გააუქმა და ბრალდებული გაამართლა. ბრალდების მხარე ამას არ დაეთანხმა და საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახით 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდამდე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ