მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი პაპაშვილის ადვოკატი დავით კუტალაძე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, დაცვის მხარე არ ეთანხმება განაჩენს არც კვალიფიკაციის და არც დანიშნული სასჯელის ნაწილში.
კუტალაძის განმარტებით, პაპაშვილის ქმედება განსაკუთრებულ სისასტიკედ არ უნდა შეფასებულიყო. ადვოკატის თქმით, მოსამართლის მხრიდან დასაბუთება არ მოუსმენიათ ვერც სასჯელის და ვერც კვალიფიკაციის ნაწილში. მოსამართლემ განმარტა, რომ დასაბუთება განაჩენში იქნება, რასაც დაცვის მხარე ყურადღებით გაეცნობა.
ადვოკატმა თქვა, რომ დაცვის მხარე სასამართლოში არაპირდაპირ განზრახვაზე მსჯელობდა და კვალიფიკაციის 117-ე მუხლით, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით, გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. მისი თქმით, 117-ე მუხლი შედეგობრივად სიცოცხლის მოსპობასაც ითვალისწინებს და კვალიფიკაციისას უნდა შეფასდეს, რა სურდა ადამიანს: სიცოცხლის მოსპობა თუ ჯანმრთელობის დაზიანება.
კუტალაძის თქმით, პაპაშვილის მხრიდან მთივლიშვილის მიმართ არაერთი ღონისძიება გატარდა, მათ შორის იმისთვის, რომ მოესულიერებინა და გონზე მოეყვანა. თავის ტრავმასთან დაკავშირებით მან სასამართლო სამედიცინო დასკვნა დაიმოწმა: დაზიანება გარდაცვალებამდე 4 საათით ადრე იყო მიღებული, გარდაცვალება კი თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით დადგა, რაც გარედან ვიზუალურად არ ჩანს.
კითხვაზე, რა კვალიფიკაციაში ჯდება ადამიანის მიტოვება და გარედან ჩაკეტვა, შემდეგ კი გაქცევა და ქვეყნის დატოვება, ადვოკატმა უპასუხა: „გარდაცვლილი ადამიანის მიტოვება კვალიფიკაცია არ არის“.
იმ კითხვაზე, რატომ არ დარეკა მსჯავრდებულმა 112-ში, კუტალაძემ თქვა, რომ პაპაშვილმა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. მისი განმარტებით, პაპაშვილმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელთ არსებული საშუალებები გონზე მოსაყვანად გამოიყენა, შემდეგ კი დარწმუნდა, რომ მთივლიშვილი გარდაცვლილი იყო. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის ჩვენებით, სწორედ ეს გახდა 112-ში არდარეკვის მიზეზი. კუტალაძის შეფასებით, გარდაცვლილი ადამიანისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება ყოველგვარ მიზანსაა მოკლებული.
სასამართლომ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დამნაშავედ ცნო და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პაპაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, ანუ განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებაში, წარუდგინეს.
მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა. სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირი დააკავეს, მოგვიანებით კი საერთაშორისო ძებნაში მყოფი პაპაშვილიც დააკავეს. მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გუსეინოვი ჯერ დაკავებული არ არის.
გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია სხვა მსჯავრდებულებზეც, რომლებიც მოკლულის მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ლუკა გვენეტაძეს 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი 4,3-4,3 წლით.











