სიორიძე: სარჩელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო კურსისთვის სერიოზული „ნაღმებია“ ჩადებული

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ სარჩელის მიზანი ოპოზიციის გაქრობა და პარტიების აკრძალვაა, თუმცა მასში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო კურსისთვის სერიოზული საფრთხეებიცაა ჩადებული.
მისი თქმით, საქმე ერთ-ორ პოლიტიკურ პარტიას არ ეხება, ის საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს შეეხება.
სიორიძემ აღნიშნა, რომ მისმა კოლეგამ სარჩელის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და იმ საკითხზე ისაუბრა, ვის რა შეიძლება მოეთხოვოს. მისი თქმით, არჩილ გორდულაძემ ეს საკითხი ღიად დატოვა და განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე განმარტავენ, ვის რა მიემართება.
სიორიძის შეფასებით, სარჩელში ჩადებული დრამატურგია 2008 წლის ომით იწყება და იმ მოსაზრებით გრძელდება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაშინდელი მწარე გამოცდილება ვერ გაითვალისწინეს და საქმიანობას მაინც აგრძელებენ. მისი თქმით, ეს ეხება ყველა პარტიას, რომელიც სხდომაზეა წარმოდგენილი, და მომავალში ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის საწინააღმდეგოს იტყვის, რაც აგრესიის პროვოკაციად ჩაითვლება.
სიორიძემ თქვა, რომ წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და ლოგიკური იყო. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიდგომა, რომ ამას მოგვიანებით განმარტავენ, მთელ პროცესს დიდ ზიანს მიაყენებს.











