პოლიტიკა

ბეჟაშვილი: სასამართლო პარტიების საქმეში პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლობას ცდილობს

ბეჟაშვილი: სასამართლო პარტიების საქმეში პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლობას ცდილობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, პარტიების აკრძალვის საქმეში მსჯელობა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე წარიმართოს და პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. მისი თქმით, როდესაც საუბარი პოლიტიკურ პარტიებსა და ქვეყანაში დემოკრატიაზეა, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ბეჟაშვილის შეფასებით, მოსამართლეები პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ, მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით გაამართლონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღებენ.

„გუშინდელ სხდომაზე ნათლად გამოკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის გაუქმებას, შესაბამისად საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. არადა, როდესაც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ ის სამომავლო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ. დღეს იქნება მორიგი პროცედურული საკითხები განხილული. საკმაოდ საინტერესო შუამდგომლობები იქნება ჩვენი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში. თუ დააკმაყოფილებენ მოსამართლეები [შუამდგომლობას], ეს კიდევ ერთი დამატებითი ტესტი იქნება მათ ობიექტურობასა და სამართლიანობაზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ