პოლიტიკა

კახიანი ეუთო-ს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს: კონსტიტუციური პროცესის კრიტიკა არასწორია

კახიანი ეუთო-ს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს: კონსტიტუციური პროცესის კრიტიკა არასწორია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კონსტიტუციურ პროცესზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია.

კახიანი აცხადებს, რომ არაერთ ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. მისი სიტყვით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი საჯაროა და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა გაჩნდეს.

„ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი და „შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ