საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება. საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი განიხილავს.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მათი მოთხოვნით, სასამართლომ უნდა განიხილოს ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის ავტორების განცხადებით, ეს გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ამით, მათივე თქმით, აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.
სარჩელში ასევე წერია, რომ ამ პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამიტომ, სარჩელის ავტორთა მოთხოვნით, პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.
არგუმენტად დასახელებულია ისიც, რომ ხუთივე პარტია წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდა საყოველთაო არჩევნებით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სარჩელში აღწერილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში. სარჩელის თანახმად, ისინი საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.











