პოლიტიკა

დიპლომატთა საზოგადოება ზურაბაშვილის დანიშვნას სახიფათო ტენდენციად აფასებს

დიპლომატთა საზოგადოება ზურაბაშვილის დანიშვნას სახიფათო ტენდენციად აფასებს

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნას და მისი მანდატის გაფართოებას საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებლად აფასებს.

„აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან“, — ნათქვამია დიპლომატთა საზოგადოების განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერთა აზრით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“. მათი შეფასებით, ეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს.

„ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ მონაწილეობს. მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე, საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს. მათი დიდი ნაწილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო გადადგა დაკავებული თანამდებობებიდან ან გაათავისუფლეს დიპლომატიური სამსახურიდან.

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა. აქამდე ეს წარმომადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.

„რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეითავსებს, რაც არაფორმალური დიალოგის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლობის რანგის აწევაზე მიუთითებს. კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ზურაბაშვილი საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ