პოლიტიკა

ბუჩუკური: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია

ბუჩუკური: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. კომენტარი მან სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავდნენ.

ბუჩუკურის თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს, მისივე შეფასებით, დაადასტურა მანანა კობახიძემ ჯერ თვითაცილების მცდელობით, შემდეგ კი გადადგომით. დანარჩენი, ბუჩუკურის თქმით, დროის საკითხია.

მან ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნაზეც. ბუჩუკურის შეფასებით, ეს და პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესი ერთდროულად დამთხვევა არ არის.

პოლიტიკოსის განმარტებით, სხდომაზე ჯერ შუამდგომლობების ეტაპი არ დასრულებულა, არსებით განხილვაზე გადასვლა კი მის შემდეგ მოხდება. მისი თქმით, მოპასუხე მხარეებისთვის გაუგებარია, ვის რა მიემართება, და პროცესი მეორე დღესაც გაგრძელდება.

ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ სხდომის ბოლოს მოსამართლე გოცირიძემ თავადვე თქვა, რომ კონკრეტული მოპასუხეების მხრიდან პასუხების გაცემა გაჭირდებოდა, რადგან სარჩელში ყველაფერია ჩაყრილი. მისივე თქმით, შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ კოლეგის სიტყვის ინტერპრეტაცია სცადა და განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ სარჩელში ყველაფერი გადასარევად წერია.

ბუჩუკურის თქმით, რუსული ჰიბრიდული ომი ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც ხელისუფლება განსხვავებულ აზრს არაკონსტიტუციურად აცხადებს. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია.

მან დასძინა, რომ პარალელურად რუსეთთან დამატებით მოლაპარაკებებზე ხდება ცნობილი. „არავინ ჩათვალოს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ეს არის ერთი დიდი რუსული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ნაწილი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ