პოლიტიკა

სიორიძე: საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტია და „ქართულ ოცნებას“ ამხელს

სიორიძე: საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტია და „ქართულ ოცნებას“ ამხელს

კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნას პოლიტიკურ დოკუმენტად აფასებს. განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავდნენ.

სიორიძის თქმით, დასკვნაში ბევრი მონაჭორია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მისი განმარტებით, დასკვნა ვერც საერთაშორისო და ვერც ქართულ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სტანდარტს ვერ უძლებს. სწორედ ამიტომ არის, მისი თქმით, ყველა პარტიის სარჩელი ერთად გაერთიანებული. სიორიძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნა „ქართულ ოცნებას“ თავის ბოროტ პოლიტიკურ ზრახვაში ამხელს.

პოლიტიკოსის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო დეზორგანიზებულია და ასეთი ტიპის პროცესისთვის პროცედურები კონკრეტულად გაწერილი არ არის. ეს, ერთი მხრივ, მათ სივრცეს უტოვებს, თავად დააწესონ რაღაც სტანდარტები, თუმცა, ამავდროულად, იციან, რა არის დავალება.

სიორიძე აცხადებს: „ეს არის ივანიშვილის დანაშაულებრივი გეგმა, რომ ამ ქვეყანაში გაუქმდეს დემოკრატია, აიკრძალოს, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია და დაახლოებით, მილიონი ამომრჩეველი. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად და წესად ქცევას“.

მისი თქმით, სარჩელს ეს ორი მიზანი აქვს და ალბათ თითოეულ მოსამართლეს აწუხებს ამ ფარსსა და ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა. სიორიძე ამბობს, რომ მოსამართლეებს პროცედურებთან დაკავშირებით მხარეების მოსმენა უწევთ, თუმცა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

სიორიძემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს მოითხოვენ, თუმცა პარტიების სამართალი თავად პოლიტიკური სამართალია. მისი შეფასებით, როდესაც „ქართული ოცნების“ სარჩელი პოლიტიკურ განცხადებებს ეყრდნობა და სასამართლო პოლიტიკურისა და სამართლებრივის გამიჯვნას ითხოვს, ისინი თავადვე შედიან სპირალსა და ლაბირინთში. სიორიძის თქმით, ამ თვალსაზრისით ისინი დეზორგანიზებულები არიან და მათი ნებისმიერი უარი უსუსურად გამოიყურება.

სიორიძის განცხადებით, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენისთვის, იმ სისტემის განაჩენისთვის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ძალიან მყარ საფუძველს ქმნის და ეს სისტემა აუცილებლად დაინგრევა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ