ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს განაახლებს.
„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, დავასრულეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.
მან უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების „სახიფათო“ შეწყვეტისა და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის მუშაობის შესუსტების გამო.
ზელენსკიმ გააკრიტიკა ვაშინგტონის სურვილი, მოსკოვთან ბიზნესგარიგებები დადოს, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ. კითხვაზე, როგორ შეიძლება აიხსნას ამ ორ ლიდერს შორის ურთიერთობა, მან უპასუხა, რომ ტრამპს ინსტინქტური მიზიდულობა აქვს ავტოკრატებისა და ზემდიდარი ადამიანების მიმართ.
„ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები მოსწონს და პატივს სცემს. რადგან, მისი აზრით, ადამიანები, რომლებსაც 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში შეუძლიათ ლიდერობა, ესე იგი, ძალიან ძლიერები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის სურვილის გათვალისწინებით, უკრაინამ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები სამი დღით შეაჩერა. მოსკოვი კი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებულ იერიშებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას განაგრძობდა - მხოლოდ ბოლო კვირაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკის განცხადებით, დარტყმების შეჩერების მიუხედავად, უკრაინის ძალებს არ მიეწოდებოდათ აშშ-ის ადრეული გაფრთხილების სიგნალები მოახლოებული ბალისტიკური რაკეტების შესახებ. ამასთან, ილონ მასკის თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისის, Starlink-ის, მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რამაც შეაფერხა ფრონტის ხაზზე ოპერაციები და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო რადიუსის დარტყმების განხორციელება.
მისი თქმით, ამერიკელმა კოლეგებმა უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს განუცხადეს: „თუ არ შეწყვეტთ [ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს], ჩვენ შეგიწყვეტთ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას“. მოგვიანებით კი კიევს ეს ტექნიკურ ხარვეზად წარუდგინეს.
ზელენსკიმ ასევე უარყო მოსაზრება, თითქოს Starlink-ის სატელიტურ სისტემაში შეფერხებები რაიმე გაუმართაობით იყო გამოწვეული. „ეს არ ყოფილა ტექნიკური პრობლემა, ეს იყო სურვილი“, - თქვა მან.









