კონფლიქტები

ზელენსკი: უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის პასუხია ამერიკიდან მიღებულ სიგნალებზე

ზელენსკი: უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის პასუხია ამერიკიდან მიღებულ სიგნალებზე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მკაფიო პასუხია იმ სიგნალებზე, რომლებსაც მოსკოვი ამერიკისგან იღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არსებობს საშიში სიგნალები სანქციების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობაზე. ზელენსკიმ განაცხადა: „ეს სანქციები მსოფლიომ - ამერიკამ, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა -უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომის საპასუხოდ დააწესეს. არაფერი შეცვლილა. ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავადვე წამოიწყო და უკვე 1 695 დღეა, აგრძელებს. მკვლელობების დასაფინანსებლად მეტი თანხის მიცემა ამას ხელს ვერ შეუწყობს. საჭიროა ძალა, ამერიკა კი რუსულ ტერორზე უფრო ძლიერია“.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიას „შაჰედის“ დრონებით შეუტიეს. მაღაზია ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა ავტომობილები, სამი ადამიანი დაშავდა.

პრეზიდენტის თქმით, გუშინ საღამოდან თავდასხმები განხორციელდა კიროვოგრადის, დნიპროს, ოდესის, რივნეს, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებზე. კროპივნიცკიში სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი კი - დნიპროს ოლქში.

ზელენსკიმ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამისგან თავის დაცვაში დაგვეხმარონ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად შეუჩერებელი თავდასხმების სამიზნეა. მშვიდობის ერთი საათიც კი არ გვაქვს“.

მისივე განცხადებით: „ცხადია, რომ რუსეთმა შეგნებულად აირჩია თავდასხმების ესკალაციის გზა მას შემდეგ, რაც სანქციების შემსუბუქებას მიაღწია და დაინახა უკრაინაზე ზეწოლის მცდელობები. რუსეთი იყენებს მსგავს შესაძლებლობებს და პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. ამ ომის დასასრულებლად საჭიროა მტკიცე გადაწყვეტილებები. უკრაინას სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა - ცის დაცვის კუთხით. პარტნიორებისგან ამ ომთან დაკავშირებით გვჭირდება გულწრფელობა: მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში ყველა არა აგრესორის, არამედ ჩვენი იმ ძალისხმევის მხარეს დადგეს, რომელიც მიმართულია სიცოცხლის გადარჩენის, ომის დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ