პოლიტიკა

ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: მშვიდობა თავისთავადი მოცემულობა არ არის

ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: მშვიდობა თავისთავადი მოცემულობა არ არის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გმირების სამშობლოა და ამას ქვეყნის ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ადასტურებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვეტერანებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია - ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, მათი ღირსებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

„თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია. სახელმწიფოს ვალია თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყაველაშვილმა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის შენარჩუნებას, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცესა და საზოგადოებრივ ერთიანობას. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტერანების გამოცდილება განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობას.

„თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა; ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ