ვენეციის კომისია: 2026 წლის მარტის კანონები დემოკრატიის სტანდარტებს ეწინააღმდეგება

ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოში გრანტების შესახებ კანონში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. კომისიის დასკვნით, ეს კანონები პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
დასკვნა ეხება პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებულ ცვლილებებს. მათი საფუძველზე სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და სხვა.
ვენეციის კომისია წერს, რომ კანონები „ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, მიღებული კანონმდებლობა მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“.
კომისიის განცხადებით, 2026 წლის მარტის ცვლილებები 2023 წლიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელებაა, ამიტომ მათი გავლენის შესაფასებლად მთლიანი საკანონმდებლო ჩარჩოს კუმულაციური და სისტემური შედეგებია გასათვალისწინებელი. საჭიროების შემთხვევაში ყურადღება უნდა დაეთმოს გრანტების შესახებ კანონში 2026 წლის 15 აპრილსა და 25 ივნისს მიღებულ ცვლილებებსაც. კომისია განმარტავს, რომ დასკვნა პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნების მარეგულირებელი მთელი კანონმდებლობის სრულ შეფასებას არ მოიცავს, ხოლო 4 მარტის ცვლილებების ცალკეული დებულებების განუხილველობა იმას არ ნიშნავს, რომ კომისია მათ ეთანხმება.
ვენეციის კომისიის 2025 წლის დასკვნით, მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნიდა. მაშინ კომისიამ შემზღუდველი აქტების გაუქმება და სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება ურჩია. მისი შეფასებით, 4 მარტის ცვლილებები ამ შეშფოთებას არ პასუხობს. პირიქით, ისინი აძლიერებს მთავრობის კონტროლს, აფართოებს შეზღუდვების სფეროს და ზრდის მონიტორინგის უფლებამოსილებებსა და სისხლისსამართლებრივ სანქციებს.
კომისია მიიჩნევს, რომ წინასწარი სახელმწიფო კონტროლის, ფართო მონიტორინგის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფრთხის პირობებში ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა თავი შეიკავონ კანონითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობისგან. ასეთი გარემო საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას. კომისიის თქმით, შეზღუდვები პირდაპირი აკრძალვების გარდა იმ გარემოს შექმნითაც მოქმედებს, სადაც სამოქალაქო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ადამიანებს აქტიურობისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას მკაცრად ურჩევს, გადახედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენებას გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევისთვის. ეს ეხება ფართოდ განსაზღვრულ ცნებას „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობას და გარიგებებს, რომლებიც გრანტების რეჟიმის გვერდის ავლით განხორციელებულად მიიჩნევა. კომისიის რეკომენდაციით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით და სათანადო საპროცესო გარანტიებით უნდა ხდებოდეს. თუ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მაინც შეინარჩუნებს, ისინი მხოლოდ მკაცრად აუცილებელ და პროპორციულ შემთხვევებზე უნდა ვრცელდებოდეს, ხოლო სანქციის გამომწვევი ქმედებებიცა და თავად სანქციებიც ზუსტად უნდა განისაზღვროს.
კომისიის შეფასებით, მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოს სიცხადე და წინასწარ განჭვრეტადობა აკლია. ისეთი ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიული პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ და „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“ ზედმეტად ფართოდ და არაზუსტად არის განსაზღვრული. ეს ქმნის გაურკვევლობას იმ პირთა წრის შესახებ, ვისზეც შეზღუდვები ვრცელდება, და ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. კომისია ამ ცნებების დაზუსტებასა და ვიწრო, მკაფიო განსაზღვრებას მოითხოვს.
კომისია ხაზს უსვამს, რომ მომავალში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა ლეგიტიმური და საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. მისი რეკომენდაციით, კანონშემოქმედება განხილვასა და მსჯელობას უნდა ეფუძნებოდეს, დაჩქარებული პროცედურები კი გამონაკლისი უნდა იყოს. ყველა შესაბამის აქტორს უნდა ჰქონდეს პროცესში მონაწილეობისა და თავისი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
კომისიის შეფასებით, განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის მიზანს, არამედ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს. კომისია განსაკუთრებით გამოყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
დასკვნის გამოტანისას კომისია ითვალისწინებს 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს კუმულაციურ და სისტემურ გავლენას, მათ შორის ცვლილებებს, რომლებიც 2025 წლის 16 ოქტომბერს შევიდა ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და მასთან დაკავშირებულ კანონებში და ვენეციის კომისიის ცალკე დასკვნაში შეფასდა.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს. მიუხედავად ამისა, კომისია დიალოგისთვის ღია რჩება.









