გოგოლაშვილი: პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება ცხოველური მიდგომაა და მორალს სცდება

ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ჩანიშვნას გამოხმაურა. მისი თქმით, პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება ცხოველური მიდგომაა და მორალს სცდება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ადამიანს ევროპულ ცივილიზაციასთან შეხება ჰქონდეს და პარტიების აკრძალვაზე საუბარიც კი შესაძლებლად მიაჩნდეს.
„პოლიტიკური პარტიების გარეშე როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მე ვერ წარმომიდგენია. რანაირად ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მღება და საერთოდ რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც ქმნის ასეთ გარემოს საქართველოში?“ - განაცხადა მან.
გოგოლაშვილის შეფასებით, ევროპაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ფაქტი არ მომხდარა, გარდა გერმანიაში 50-იანი წლების ბოლოს მომხდარი შემთხვევისა, როდესაც ფაშისტური და ულტრამემარცხენე კომუნისტური პარტიები აკრძალეს. მისი თქმით, ახლა გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის აკრძალვას ცდილობდნენ: მთავრობამ სარჩელი წარადგინა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მართლაც აქვთ ანტიკონსტიტუციური მოწოდებები, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი განუხორციელებიათ.
მკვლევარმა იკითხა, როგორ აპირებს საქართველო ამის ასე თავისუფლად განხორციელებას და აღნიშნა, რომ საქმე იმდენად ზედმეტში გადავიდა, რომ „ქალბატონმა კობახიძემაც კი დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო“.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.









