სამართალი

უზენაესმა სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

უზენაესმა სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

თეა წულუკიანმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია ჟორჟოლიანმა თავად გაავრცელა.

სარჩელი ეხებოდა ჟორჟოლიანის მიერ 2025 წლის 12 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ტელეწამყვანი წერდა, რომ თეა წულუკიანის მამამ, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა, კონკრეტულ ადამიანებს დახვრეტა მიუსაჯა. ჟორჟოლიანს ამ ადამიანების სია ჰქონდა გამოქვეყნებული.

თეა წულუკიანი სასამართლოში ცილისწამებად მიჩნევას ითხოვდა პოსტიდან ორი ფრაზისა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“ და „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“.

ჟორჟოლიანის დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან იყო მოპოვებული და პოსტი გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდა. იგივე გაიმეორა ჟორჟოლიანმა 13 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში და თავისი 2025 წლის პოსტი დაიცვა.

მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ