მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.
სასამართლოს განცხადებით, კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის N2 განკარგულებით, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლო მას მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თვითგანრიდების საფუძვლად კობახიძემ მიუთითა, რომ მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჯარო კრიტიკა საზოგადოებაში შესაძლოა საფუძვლიან ეჭვს აჩენდეს ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ განხილვაზე. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკურ საქმიანობამდეც საჯაროდ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულ წევრებს, რომლებიც ახლა სარჩელის სხვა ფიგურანტ პარტიებში არიან. მოითხოვდა ასევე პასუხისმგებლობის აღებას იმ ქმედებებზე, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი.
სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია: „მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ“.
კობახიძე მიუთითებს, რომ მოსამართლედ არჩევის შემდეგ ის მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ გარემოებებმა მაინც შეიძლება გააჩინოს კითხვები მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, რაც სასამართლოს ნდობას შეარყევს.
პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, კობახიძის წარსული პოლიტიკური განცხადებები ზოგადი ხასიათის კრიტიკა იყო და არ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსამართლე საქმეს მიკერძოებულად გადაწყვეტდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებები შინაარსით არ ემთხვეოდა სარჩელის მოთხოვნას.
განჩინებაში პლენუმი წერს: „მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გახმოვანებული კრიტიკა, საკუთრივ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელდა მისი პოლიტიკური საქმიანობის პროცესში საკმაოდ დიდი ხნის წინ, განპირობებულია პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და შინაარსობრივად შეიცავს მკაცრ, თუმცა ზოგადი ხასიათის კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც იმ პერიოდში დამახასიათებელი იყო იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციისათვის, რომლის წარმომადგენელიც იყო მანანა კობახიძე და, რასაც, ზოგადად, აჟღერებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არაერთი წევრი.“
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე.









