სამართალი

TI: ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს არქივის დაწვის საქმეში პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

TI: ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს არქივის დაწვის საქმეში პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეს აანალიზებს. ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურას არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა როგორც ელისაშვილის მიერ ამ ქმედების ჩადენას, ისე მის ტერორისტულ მიზანს.

ორგანიზაციის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ბრალდების მხარის მასალებიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ელისაშვილს შემთხვევის ადგილთან უშუალოდ აკავშირებს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა. მის თანახმად, სასამართლოს შენობის ტერიტორიიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ელისაშვილისგან აღებული ნიმუშის იდენტურია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მიიჩნევს, რომ დასკვნა არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კვლევის მეთოდისა და პროცესის შესახებ, ამიტომ მისი სანდოობა და კანონიერება ეჭვქვეშ დგას. ორგანიზაციის თქმით, დასკვნაში არ ჩანს, რამდენი ძაღლი მონაწილეობდა კვლევაში, რამდენჯერ შედარდა ნიმუშები, ემთხვეოდა თუ არა ყველა შედარების შედეგი ერთმანეთს და რა პირობებში ჩატარდა პროცედურა. დასკვნას კვლევის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალაც არ ახლავს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ვერ ადასტურებს, რომ ელისაშვილმა თავად წაუკიდა ცეცხლი შენობას. მისი განმარტებით, ნიმუშების შესაძლო იდენტურობა თავისთავად არ ადგენს, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ამისთვის დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.

TI-ის მითითებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებით ელისაშვილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეოჩანაწერებზე ასახული პირის გამოსახულება იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, ზოგიერთ ფოტოზე კი მხოლოდ სავარაუდო ამოცნობაა შესაძლებელი.

ორგანიზაცია გამოძიების ქრონოლოგიასაც ეხება. მისი ინფორმაციით, ხანძრის ფაქტზე გამოძიება 2025 წლის 4 მაისს დაიწყო, თუმცა მომდევნო რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქმის მასალების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. 2026 წლის იანვარში პოლიციამ ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მიიღო და ხუთი პირი გამოკითხა, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები შემდგომ საქმეს დაერთო. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პირების ჩვენებებში ფაქტობრივად იდენტური მონათხრობი ვიდეოჩანაწერების მოპოვებისა და გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

TI მიიჩნევს, რომ პროკურატურის ვიდეოჩანაწერები და ანონიმური წყაროებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ელისაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას ვერ ადასტურებს. ორგანიზაცია ისიც წერს, რომ საქმეში დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პუბლიკაციის გამოქვეყნებისას წარმოდგენილი არ იყო.

ტერორისტული მიზნის თაობაზე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელისაშვილმა სასამართლოს შენობას ცეცხლი მოსახლეობის დაშინების ან სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით წაუკიდა.

ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული“, 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივთან მივიდა, სავენტილაციო მილზე ავიდა და ფანჯრის გაღება სცადა, რაც ვერ შეძლო. შემდეგ კიბეებზე ჩავიდა და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში ხანძარი გაჩნდა.

უწყების ცნობით, ელისაშვილი ისევ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული, და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული არ გაუკეთებია და 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლი არ გაუჩენია. პოლიტიკოსი მსჯავრდებულია ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე და 13 წელი აქვს მისჯილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ