არევაძე: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, პენიტენციური სამსახური ამას უარყოფს

პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა მარიკა არევაძემ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გიორგი დავითაძე მოინახულა. მისი თქმით, დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება და მის მიმართ პროვოკაციული ქმედებები ხორციელდება.
არევაძე წერს: „როგორც გიორგიმ მითხრა, საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს, არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა)“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს და კადრებიც გაავრცელა. უწყების თქმით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული დათვალიერებას ექვემდებარება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არ არის: მას 5 ფაილი, დაახლოებით 20 წუთამდე კადრები აქვს ნანახი. ოჯახი ითხოვს, რომ ჩანაწერი სრულად და ხმით გამოქვეყნდეს.
ოჯახი ასევე ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე. მათივე მოთხოვნით, დაწესებულება უნდა დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა.









